საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: „ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზადყოფნა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი. საუბარი შეეხო ასევე ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის“.