საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - პირველადი შედეგები

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68 პროცენტი ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი მამუკა ტუსკაძე – ეს ცესკო-ს წინასწარი მონაცემია. პირველადი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ წევრმა. საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ცნობით, ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან, წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელებისთანავე ამოიბეჭდა. მონაწილეობა მიიღო 1 021 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.

ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა. შეგახსენებთ, არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ დატოვა. სენაკის საკრებულოში 32 წევრი იყო, 16 „ქართული ოცნებიდან“, 12 ენმ-დან  და 4 „გახარია საქართველოსთვის“. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, სენაკის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, – 17 წევრი.