ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
19 აპრილიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ხუთდღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ე. წ. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მხოლოდ სწრაფი ტესტის გავლაც საკმარისი იქნება. საკარანტინო რეჟიმის გაუქმება ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა მთავარი მოთხოვნა იყო. იმართებოდა პერმანენტული აქციებიც. საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გალის ოთხმა მკვიდრმა ზუგდიდში გადმოსვლა შემოვლითი გზით სცადა, რა დროსაც მდინარე ენგურმა ოთხივე მათგანი იმსხვერპლა.