საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის პროცედურები იცვლება. დოკუმენტს დღეს სესიაზე განიხილავენ. სარჩელის წარდგენის საფუძველი იქნება – „მოქმედება, ან უმოქმედობა“. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ოპოზიცია ინტერესდება, ცვლილებები პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ რატომ მომზადდა. მსგავსი კითხვა ჰქონდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსაც. ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს უმრავლესობა. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს და კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.