პოლიტიკური უთანხმოებაა მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივის გარშემო.
ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო საჯარო განხილვები იწყება. ოპოზიციის დიდი ნაწილი საყოველთაო განხილვებში ჩართვაზე უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები პროექტის მხარდაჭერასაც გამორიცხავენ. ოპოზიცია და მესამე სექტორი სადავო ინიციატივას ევროკომისიის რეკომენდაციებზე უარის თქმის და ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმის კონტექსტში განიხილავს. ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გახშირებით და პრობლემის გლობალურობით ხსნის მმართველი პარტია. არასრულწლოვნების და ოჯახური ფასეულობების დაცვის ეგიდით ინიცირებული პროექტი ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის და არაჰეტეროსექსუალი პირებისთვის დადგენილ შეზღუდვებს მოიცავს. მთავარი სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულებებია.