საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

მმართველი გუნდის რეზონანსული ინიციატივა და ოპოზიციის იგნორი – ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ.

ხელისუფლების ოპონენტები მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ და ინიციატივის მიღმა მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნებს ხედავენ. „ქართული ოცნება“ პროექტის ინიცირებას საფრთხეების ზრდით და პრობლემის მასშტაბურობით ხსნის და საყოველთაო-სახალხო განხილვების პარალელურად ოპონენტებისგან საკუთარი წინადადებების წარდგენას ელოდება. „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვა“ – ასეა დასათაურებული კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალ პირებს კონკრეტულ აკრძალვებს უწესებს. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ პროექტში ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის ზღვარი მკაფიოდ იქნება გავლებული.