პარლამენტი კიდევ ერთი რეფორმის განსახილველად ემზადება.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტი მზად არის და მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დასაწევადაა. 2024 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 5-ის ნაცვლად 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. ამავე პროექტის მიხედვით, მარტივდება საპარლამენტო ფრაქციის ფორმირება და მის შესაქმნელად მხოლოდ ოთხი დეპუტატიც იქნება საკმარისი, თუმცა ცვლილებას, რომელიც პარლამენტისკენ გზას უფრო ბევრ პოლიტიკურ პარტიას უხსნის, საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 ხმა სჭირდება. ანუ ოპოზიციიდან პარლამენტში მინიმუმ 17 წარმომადგენელი უნდა შევიდეს და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს. თუმცა, დღეს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების გარეშე რეფორმის მხარდასაჭერად პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად შესვლას არ აპირებს.