საკონსტიტუციო ცვლილებები - არასამთავრობო სექტორის განცხადება

ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური ვნებათაღელვის და უთანხმოების ახალი თემაა.

ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ოპოზიცია მმართველ გუნდს მორიგი დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, რომლის მიხედვით ბარიერის შემცირება და სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ უნდა შეეხოს და მხოლოდ 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ღიად რჩება ბარიერის საკითხიც. 5%-იანი ბარიერის 2-მდე შემცირებას „ქართული ოცნება“ არა ვალდებულებად, არამედ საკუთარ კეთილ ნებად აცხადებს და ამ თემაზე ოპონენტებთან კონსულტაციებისთვის მზად არის, მცირე პარტიებისთვის ახლა ყველაზე პრინციპული საკითხი სწორედ ბარიერის დაწევაა.