საკომიტეტო მოსმენა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დეპუტატებს ცვლილებების არსი აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პირადად გააცნო. ჩუბინიძე განმარტავს, რომ ყოფილი თანამდებობის პირებისთვის დაცვის დანიშვნა ან მოხსნა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდება. ჩუბინიძის ინფორმაციით, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, დაცვა სავარაუდოდ ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მოეხსნება, ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს კი შეუნარჩუნდება, რადგან მისი პოსტიდან გადადგომიდან ერთი წელი არ არის გასული.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, უფლებამოსილების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სავალდებულო წესით დაცვა ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ერთი წლის შემდეგ კი, მათთვის დაცვის  შენარჩუნების გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.