სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს. პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული ცრუ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას. აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას. მიზანია საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.