სუს-ის ბოლო ანგარიში პოლიტიკური დავის საგანი ხდება.
საუბარია 2021 წლის შემაჯამებელი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ცალკეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციულ მოქმედებებზეა საუბარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მსგავსი აქტივობების მიზნად საზოგადოების პოლარიზაციას, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხებას და ხელისუფლების დამხობას აცხადებს. მათი მოქმედებები ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად არის დასახელებული, რაც ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. ხელისუფლების ოპონენტები ანგარიშის ამ ნაწილის მიღმა ოპოზიციის დევნის ნიშნებს ხედავენ და სუს-ს ქვეყნის რეალური საფრთხეებთან ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა სუს-ის საკმაოდ ვრცელი, 55-გვერდიანი დოკუმენტის სხვა ნაწილებსაც. თუ დღევანდელი რეაქციებით ვიმსჯელებთ, ანგარიშის მოსმენა ხმაურიანად ჩაივლის.