სახელმწიფო შესყიდვები საგანგებო მდგომარეობის დროს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევის ავტორების განმარტებით, 21 მარტიდან 22 მაისამდე, პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მესამედი „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა მიიღეს. ჯამში საუბარია 21 კომპანიაზე, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვების შედეგად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი გადაერიცხათ. კვლევის მიხედვით, პირდაპირი შესყიდვების დროს ყველაზე მეტი თანხა სამედიცინო აღჭურვილობაზე, ფარმაცევტულ პროდუქტებზე და საკარანტინო სივრცეებისთვის სასტუმროების დაქირავებაზე დაიხარჯა. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ელექტრონულ ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა და კონკურენცია არ იყო. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ თუ კონკრეტული კომპანია, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემომწირველი ტენდერის პირობებს არ არღვევს და ტენდერში კანონიერად იმარჯვებს, ფაქტი გამოძიების დაწყების საფუძველი არ არის.