ოთხ წელზე გათვლილი პროგრამა, რომელიც რეგიონების განახლებას ისახავს მიზნად.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალი მასშტაბური პროექტის დაწყება დააანონსა. 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენა, რეკრეაციული სივრცეების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – პირველ ეტაპზე პროგრამისთვის 500 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. თანხის ნაწილი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი, დანარჩენი ნაწილი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაა მოძიებული. პროგრამა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს, ამ თვეშივე იგეგმება ტენდერების გამოცხადება, სამუშაოების დაწყება კი ივნისშია დაანონსებული. ახალი პროგრამის დაწყებას სკეპტიკური და ნეგატიური რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში, რომელიც პროექტს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.