იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ადმინისტრაციულ ჯარიმებს აკისრებს. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში გასაჯაროებული მონაცემები და გამოქვეყნებული ვიდეომასალაა.
ყოფილი პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვება-გასაჯაროების პროცესში მაკონტროლებელმა ორგანომ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. საუბარია ციხის მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტების შესახებ და კვების რაციონზე ინფორმაციის გავრცელებაზე, ასევე რუსთავის ციხის სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებაზე და იმ ორ ვიდეოჩანაწერზე, რომელთაგან ერთი რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას, მეორე კი რეანომობილში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. თოლორაიას უწყებისთვის მიუღებელია სახელმწიფო უწყებების არგუმენტი, რომ ყველა მასალის განთავსება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და ექს-პრეზიდენტის უფლებებსა თუ ჯანმრთელობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით იყო გამოწვეული. განსაკუთრებით მწვავე შეფასება აქვს მიცემული რუსთავიდან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას.
დღეს გასაჯაროებულ დასკვნას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.