სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა. პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დროშაც, სასახლეც თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახელმწიფოს შორის, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები. „ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი – გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა ეს გახლავთ ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება,“ – განაცხადა ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ.