ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, გამოხმაურება მოყვა თბილისში. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და პარტნიორების შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის განცხადებით კი, როდესაც პარტნიორები გვაფრთხილებენ, მთავრობამ უნდა მოუსმინოს.
„შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ“, – ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა. ეს განცხადება მილერმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ამერიკის რეაგირებაზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა.