რეზონანსი მოჰყვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.
პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები, სასამართლო სისტემა, ციხეებში არსებული ვითარება, მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებში – ადამიანის უფლებებზე 2023 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში რამდენიმე თავი საქართველოს ეხება. ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები ქართული მართლმსაჯულება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ნიკა გვარამიას საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე. მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტშია ნახსენები ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. თუმცა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევებსა თუ შესაძლო პოლიტიკურ დევნასა თუ სასამართლოზე ზეწოლაზე ანგარიშში არა ფაქტებით და მტკიცებით ფორმაში, არამედ ძირითადად სახალხო დამცველის და უფლებადამცველების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობენ. სწორედ ამ გარემოებაზე აკეთებს შეფასებების დროს აქცენტს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს სტრასბურგის სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს უპირისპირებს.