მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინში მხარეთა რიტორიკა სულ უფრო მძაფრდება. მომავალი სამოქმედო სტრატეგიის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციის შიგნითაც. ამჯერად პოზიციები „ლეიბორისტების“ ლიდერის ინიციატივამ გაყო.
შალვა ნათელაშვილის წინადადება ალტერნატიული ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნის შესახებ, როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტნიორების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იდეას უკვე გაემიჯნა. ნათელაშვილის პარტია ალტერნატიული ორგანოს ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს დაწყებულად აცხადებს, თუმცა ირკვევა, რომ ამ კონსულტაციების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა არაფერი იცის – ისევე როგორც გაურკვეველია ფუნქციები, რომლებიც „მშრომელთა პარტიის“ მიერ ბრძოლის ერთ-ერთ გზად მოფიქრებულმა ორგანომ უნდა შეასრულოს.