პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის დრო ამოწურულია. საკუთარი კანდიდატები ჯამში ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენობის 19-ვე მსურველს მოუსმენს, რადგან პროცესის ჩაშლის გადაზღვევის მიზნით, პარტია „მოქალაქეებმა“ 19-ვე კანდიდატი წარადგინეს.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „რეფორმების“ ჯგუფის რჩეულები კი არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი გახდა.
ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა, მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ.