წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია გამართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლის და დაშინების ფაქტები გამოავლინა. საუბარია აგვისტო-სექტემბრის პერიოდზე. მისი თქმით, მათგან უდიდესი ნაწილი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ. ომბუდსმენის განმარტებით, ასევე გამოვლინდა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების ან სამსახურებრივად შევიწროების 69 ფაქტი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებს შორის მოხვდა ძალადობის, საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის, პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.