თითქმის ცარიელი იყო ოპოზიციის რიგები რეზონანსული კანონპროექტის განხილვის დროს.
პარლამენტმა ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დაანონსებული ცვლილებებისა და რეგულაციების გარშემო ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება არ წყდება, კანონპროექტმა პოლიტიკური უთანხმოება გაამწვავა ქვეყნის შიგნითაც. აკრძალვები ერთნაირ სქესიანი წყვილებისთვის, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების არ დაშვება, შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – ის, რაც გლობალური საფრთხისგან და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მექანიზმებია მმართველი პარტიისთვის, წინასაარჩევნო სვლად განიხილება ოპოზიციის რიგებში. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პროექტის უკან გაწვევას გამორიცხავს. განხილვებში არ მონაწილეობის და პოზიციის არ დაფიქსირების გამო ოპონენტები დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს.