მეორე საკადრო ცვლილება მამუკა ბახტაძის კაბინეტში.
გიორგი ქობულიას შემდეგ, მინისტრის პორტფელი დავით სერგეენკომ დატოვა. ამით ჯანდაცვის სამინისტროში, მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობა დასრულდა.
მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან იკავებდა. უკვე ყოფილი მინისტრი პოსტის დატოვებას საკუთარი სურვილით ხსნის და ამბობს, რომ მისი შემცვლელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს თავად შესთავაზა. პროფესიით ექიმი, ეკა ტიკარაძე ბოლო წლებში საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. ახალი მინისტრი უწყებაში რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებას აანონსებს, მისი წინამორბედი კი, მინისტრობიდან პრემიერის მრჩევლის პოსტზე ინაცვლებს. არ არის გამორიცხული, რომ სოციოლოგიური კვლევებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, 2020 წლისთვის მმართველი პარტიის სიის პირველ ათეულში იყოს, რისი მინიშნებებიც დღეს უკვე გაკეთდა.