მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინაცვლებს. თითქმის 4-წლიანი მინისტრობის შემდეგ დავით ზალკალიანი კი აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციას დაიკავებს. რას უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომის, რეგიონული გამოწვევების და უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე საგარეო უწყების პირველი პირის ცვლილება – მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ საკადრო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო მიღებული. ოპოზიციის ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ზალკალიანის გათავისუფლება უკრაინის საკითხზე მის საგარეო პოზიციონირებას უკავშირდება. ოპონენტთა აზრით, უკვე ყოფილი პირველი დიპლომატის განცხადებები ზოგიერთ შემთხვევაში მმართველი გუნდის გზავნილებისგან განსხვავებული იყო. ოპოზიციისთვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დიპლომატიური გამოცდილებაც არასაკმარისია. საგანგებო დავალებათა ელჩის და პოლონეთში საქართველოს ელჩის პოზიციის დაკავებამდე ილია დარჩიაშვილის ბიოგრაფია ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს, მანამდე კი კერძო სექტორს უკავშირდება.