მანდატურის სამსახურის რეფორმირებამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებთან დროებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმორიგევებენ, სკოლებში კი ფსიქოლოგები იმუშავებენ, – ეს განცხადებები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი იზიარებს მოქალაქეთა პოზიციას, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის. გიორგი გახარიას თქმით, გაძლიერების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებებში მხოლოდ მანდატურები იმუშავებენ, თუმცა ამ სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბევრად ეფექტური კომუნიკაცია ექნება.
მინისტრებმა პრემიერისგან დღეს დავალება მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტი აღარასდროს უნდა განმეორდეს.
მთავრობის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, რომ კარგად გაანალიზონ მომხდარი, მშობლებმა მოუსმინონ შვილებს, სახელმწიფო სტრუქტურებმა კი, ისეთი ზომები შეიმუშავონ, რომ სკოლის გარემო იყოს უსაფრთხო. ამ განცხადების შემდეგ, პრემიერმა ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთა და საზოგადოებას იმის გამო მოუბოდიშა, რომ თბილისში მოსწავლეების მკვლელობასთან ერთად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ ახსენა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 17 წლის არასრულწლოვანის მკლველობაც.