ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ტერიტორიაზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაფიქსირებული ხარვეზების დიდი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა.
მისივე თქმით, ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში სულ739 ზარი და ონლაინ ჩატის მეშვეობით 522 შეტყობინება შევიდა, მათი ძირითადი ნაწილი ამომრჩევლების მეირ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
„კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმების დათვლის პროცედურები. უბნებზე შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიგზავნება. საოლქო კომისიები კი თავის მხრივ, სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მიაწოდებენ ცესკო-ს ოქმებს, როლებიც შესაბამის ვებგვერდზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის”, – განაცხადა მიქელაძემ.