რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას. „საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, გუშინ ცხინვალის რეგიონთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებების იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.