საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დღეიდან ახალი შეთანხმება აერთიანებთ.
კიევში ასოცირებული ტრიოს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამი ქვეყანა საერთო ინტერესების გატარებას ერთობლივად შეეცდება. იგულისხმება სამი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და კონსულტაციები, ერთობლივი დიპლომატიური ინიციატივები და ერთობლივი ქმედებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე კეთდება, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. შეთანხმებას ხელი საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მალე საქართველოს უკრაინის პრემიერი ეწვევა.