საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო იმართება. საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვედრაზე განიხილავენ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის საკითხს, ასევე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილსაც. მოლაპარაკებებს დისტანციურად დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე რამდენიმე დღეა ანადგურებს მარცვლეულის საცავებს, რაც მსოფლიოში საკვების დიდი კრიზისის შექმნას შეუწყობს ხელს. ასევე, ბორელმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთის ევროპულ მისწრაფებებს და დაადასტურა, რომ დიპლომატები ამ საკითხზეც იმსჯელებენ.