20 საარჩევნო უბნის შედეგებს უახლოეს დღეებში პირდაპირ ეთერში თავიდან გადაითვლიან. 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ჯგუფს ერთი თვე აქვს დასკვნის მოსამზადებლად და იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა საარჩევნო პროცესში მასშტაბურ გაყალბებას ადგილი. 20 უბანი თბილისიდან და ქვეყნის შვიდი რეგიონიდან შეირჩა. რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრებს საარჩევნო კომისიის წევრების და ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოკითხვაც შეუძლიათ, თუმცა ჯერ უცნობია, გამოიყენებენ თუ არა სამუშაო ჯგუფის წევრები ამ უფლებას. დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპელი სოციალისტების“ სახით ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა ჩართული. დანარჩენი ოპოზიცია კომისიას ბოიკოტს უცხადებს.
მანანა დევაძე გვეტყვის, რა კრიტერიუმით შეირჩა 20 საარჩევნო უბანი და რა პრინციპით მოხდება ბიულეტენების გადათვლა.