პროცედურული ომი გრძელდება.
„ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. ოპოზიციის მობილიზაციის მიუხედავად, მოსამართლეთა სანქციების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მესამე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. კვორუმის არ არსებობა და სასამართლოს სოლიდარობის ნიშნად მმართველი პარტიის მიერ არჩეული ტაქტიკა დილემას თავად საპარლამენტო უმრავლესობასაც უქმნის, რადგან რეგისტრაციის გავლაზე უარი კომისიის გარდა ავტომატურად სხვა საკითხების კენჭისყრასაც ბლოკავს. თავის მხრივ პლენარულ სხდომებზე დასწრების შეწყვეტას არ აპირებს და მომდევნო კვირაშიც მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატის მობილიზაციის პირობას დებს ოპოზიცია, რომელსაც საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ სწორედ 50 ხმა სჭირდება. ოპონენტები ხელისუფლებას რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტის შეზღუდვაში და საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებაში ადანაშაულებენ. სასამართლო სფეროში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს მმართველი პარტია.