„ქოლცენტრების საქმეზე“ საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა ამ საქმის შესწავლით უნდა დაადგინოს რეალური სურათი, თუ ვისი სახელები ფიგურირებს საქმეში და ვინ დგას საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების უკან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ მასსა და მის ძმასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. როგორც ცნობილია, გიორგი ვაშაძის ძმა თანამოწილეა იმ შენობისა, სადაც გასულ კვირას ჩხრეკა ჩატარდა და სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საგამოძიებო პროცესი სწორედ ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა დავით ვაშაძის განცხადებით, მას ამ შენობაში მხოლოდ მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმროა განთავსებული. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა.