შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე – საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კომისიის შექმნის ინიციატივა გიორგი გახარიას პარტიამ დაარეგისტრირა, თუმცა საკითხის განხილვა გუშინდელ სხდომაზე თავად ინიციატორებთან შეთანხმებით, მომავალ სასესიო კვირამდე გადაიდო, მანამდე კი, საკითხზე პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მმართველ გუნდში მიიჩნევენ რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პირველ რიგში დავით კეზერაშვილის ინტერესშია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მაშინ, როდესაც ამ საქმეს საგამოძიებო უწყებები როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში აქტიურად იძიებენ, ხოლო მთავარი ეჭვმიტანილი დავით კეზერაშვილია, ახლა მისი მთავარი მიზანი საგამოძიებო მასალებზე წვდომის მოპოვებაა, რასაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში შეძლებს, რადგან კომისიის საქმიანობა საჯაროა. პარლამენტის თავმჯდომარის ლოგიკას არ იზიარებს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცნტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, კიდევ უფრო მეტ ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს აჩენენ.