ამ დრომდე უცნობია, შეიქმნება თუ არა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია. მომხდარის საპარლამენტო ფორმატში გამოძიებას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, თუმცა, თავად კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა არ აქვს.
შესაბამისი დადგენილების პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს, რაც ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და ოპონენტებს პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობაში ადანაშაულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და პასუხი გასცეს კითხვას, რამდენად დროული იყო შოვში მომხდარზე შესაბამისი უწყებების რეაგირება.
თეონა მანაგაძე მუშაობდა თემაზე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ – როგორც ცნობილია, შალვა პაპუაშვილმა დღეს ოპონენტებს მოუწოდა, რომ დაელოდონ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას და ამის შემდეგ თუ დარჩება კითხვები, მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა. საინტერესოა, ამ განცხადების მიუხედავად, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირაში საკითხის კენჭისყრაზე გატანას?