პროცედურულმა დავამ პოლიტიკურიდან შესაძლოა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს.
ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია ვერც დღეს შეიქმნა. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საერთოდ აღარ იყო შეტანილი, რასაც ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ოპონენტები ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ – თუ კომისიის შექმნისთვის საჭირო ოპოზიციის 50 დეპუტატის მხარდაჭერის მიუხედავად, ინიციატივა კენჭისყრაზე არ გავა, ოპოზიცია ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილით ემუქრება. თავის მხრივ მმართველი გუნდი ოპონენტებს რეგლამენტის გადახედვისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ბიუროს და დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა გუშინ თავად ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ მოითხოვეს. ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება. ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ პოზიცია – კორუფციის შესაძლო ფაქტების დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პარტია მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობად განიხილავს.