51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მათივე განმარტებით, 2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატური თანამშრომლობის ფაქტები უნდა შეისწავლონ. დადგენილების შესაბამისი პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელს აწერენ პარტია „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მმართველი გუნდი კომისიის შექმნის იდეას აბსურდულს უწოდებს და მასში ჩართვას არ აპირებს.