შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში და ექნება თუ არა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, კითხვა ოპოზიციურ სპექტრში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომისიის შექმნის საკითხი დროებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატის პოლონეთში გამგზავრების გამო გადაიდო.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად არ სურს ისეთი კომისიის შექმნა, რომელიც მოიკვლევს არა მხოლოდ არსებულ ვითარებას სასამართლო სისტემაში, არამედ 2012 წლამდე მდგომარეობასაც. შეფასებებს აკეთებენ ბრალდების ადრესატებიც.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ მსგავს მოსაზრებებს და ამბობენ, რომ კომისიის შექმნას მათი მხარდაჭერა ექნება. თუმცა, არ პასუხობენ კითხვას, უნდა გამოიძიოს თუ არა საგამოძიებო კომისიამ 2012 წლამდე სასამართლოში არსებული ვითარება.