შეგნებულად მიღებული გადაწყვეტილება თუ გაუგებრობა – ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ოპოზიციონერ დეპუტატებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის პოლონურმა ვიზიტმა მოსამართლეთა სანქციების საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კომისიის შექმნის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღი ორივე დეპუტატმა იცოდა, თუმცა მათ ქვეყანა მოულოდნელად დატოვეს. შედეგად ოპოზიცია კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმის გარეშე დარჩა. ხაბეიშვილის და წითლიძის საქციელს ოპოზიციის დიდი ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. თავის მხრივ შექმნილ უხერხულობას კომუნიკაციის პრობლემებით ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა მთავარი კითხვაა, სალომე ზურაბიშვილისადმი ხელმეორედ მიმართვის და რიგგარეშე სხდომის მომდევნო კვირას მოწვევის შემთხვევაში, იჯდება თუ არა მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი სხდომათა დარბაზში და დაუჭერს თუ არა მხარს კომისიას, რომელმაც სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციული ფაქტები უნდა შეისწავლოს.