საპარლამენტო არჩევნებზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის დასკვნას და დადგენილების პროექტს ეხმაურებიან პოლიტიკოსები. „ნაციონალურ მოძრაობა“ კომისიის მუშაობას უშედეგოს უწოდებს, რადგან პროცესში ოპოზიცია ჩართული არ იყო. რაც შეეხება „მოქალაქეების“ პოზიციას, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არჩევნებზე მასშტაბურ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ოპოზიციამ შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარადგინა. დადებითად აფასებენ კომისიის მუშაობას მმართველ გუნდში. შეგახსენებთ, ორ თვე-ნახევარი მუშაობის შემდეგ, კომისიამ დასკვნაში დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა და ხარვეზებს, რომელიც გამოვლინდა, შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგების აღქმასა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე პირდაპირი გავლენა არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ არასწორად ჩატარებულმა პარალელური დათვლის შედეგებმა მოახდინა. კომისიის დასკვნა, რომელიც 100 გვერდზე მეტია, რეკომენდაციებსაც მოიცავს. რომლის ადრესატებიც პარლამენტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.