საფრანგეთის პარლამენტმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“ კანონი დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა. ფრანგული მედიის ცნობით, კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს, სპეციალურ, ეროვნულ რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს, რომლის მართვასაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ განახორციელებს. კანონი აძლიერებს შიდა საქმეებში ჩარევის მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინ-აქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ, – ეს უკანასკნელი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის გამოიყენება. ახლდადამტკიცებული კანონის მიხედვით, პოტენციურ სპონსორებად ჩაითვლებიან სახელმწიფოები ან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. რაც შეეხება სანქციებს, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე კანონი კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში, რომელშიც უცხოური ჩარევის რისკები და მათი აცილების გზებია განხილული. 2022-2023 წლების დოკუმენტში წერია, რომ საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა სულ უფრო ხშირია და ეს ყველა სფეროს ეხება.