საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების პასუხმა პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა.
ოპოზიციურ ფლანგზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. რა მიზნით დაგეგმა მმართველმა გუნდმა 29 აპრილს პარლამენტის წინ აქცია – ოპონენტები ორშაბათს დაანონსებულ გამოსვლას კონტრაქციად და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებად აცხადებენ და აქციის მიღმა პროვოკაციის გეგმას ხედავენ. „გოდრებით ჩამოყვანილი ხალხი, ალკოჰოლიკები, უსინდისო პედაგოგები“ – ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები შეურაცხმყოფელ შეფასებებსაც არ ერიდებიან. მმართველი პარტია ოპოზიციას მოქალაქეების წინააღმდეგ სიძულვილის და დაშინების კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს. ისმის კონტრბრალდებებიც. ხელისუფლება დაფინანსებულად მიიჩნევს იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც კვირაზე მეტია, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ პროექტს აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ. მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოსთან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სადავო კანონპროექტის მიმართ საკუთარ მხარდაჭერას ათი ათასობით ადამიანი დააფიქსირებს.