ოპოზიციური გაერთიანება ერთი საარჩევნო ნომრით და საერთო სიით – გახდება თუ არა გიორგი ვაშაძის შეთავაზება პოლიტიკური პროცესებისთვის ახალი იმპულსის მიმცემი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ინიციატივა ხელისუფლების დასამარცხებლად პროევროპული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას და პრაიმერიზის ჩატარებას გულისხმობს, რომელმაც საერთო ოპოზიციურ სიაში კანდიდატების რიგითობა და მომავალი მთავრობის წევრების ვინაობაც უნდა განსაზღვროს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ელენე ხოშტარიასთან და ზურა „გირჩი“ ჯაფარიძესთან შექმნილი პლატფორმა მალე ახალი წევრებით გაფართოვდება. თუმცა გამოხმაურების მიხედვით იდეის რეალობად ქცევა ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებაზე მეტად პარტიების ინდივიდუალური გაძლიერების მომხრეა და სკეპტიკურად უყურებს პრაიმერიზის ინიციატივასაც, რაც გასაკვირი არ არის. პრაიმერიზის ჩატარების წინადადება ჰქონდა პარტიის უკვე ყოფილ წევრ ნიკა ობოლაძესაც, რომელსაც საბოლოოდ გუნდიდან წასვლა მოუხდა.
სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე, გადაიკვეთება თუ არა კიდევ ერთხელ ოპოზიციური ძალების გზები.