უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი აქტუალობას არ კარგავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იყო. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილია, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის გასაგრძელებლად კანონი უკან უნდა გაიწვიოს. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა რამდენიმე ბევრად უფრო მწვავე შინაარსის განცხადება. ცალკეულმა მინისტრებმა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო გადახედვასა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე მიანიშნეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედებენ – ასეთია გზავნილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, რომელიც კანონში ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეს ხედავს. კონკრეტულ რისკებზე და ამერიკასთან ურთიერთობაში მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი ვაშინგტონიდან მიღებულ კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც ამჯერად ვიცე-პრეზიდენტის სახელით გავრცელდა. შანტაჟი, დეზინფორმაციული შტურმი, კრიტიკა არგუმენტების გარეშე და ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი – მწვავე კრიტიკაზე მმართველი გუნდის პასუხი უცვლელია.