სანქციებზე მომუშავე ჯგუფის გზავნილებმა საქართველოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს და ეჭვებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა.
სამი მაღალი რანგის სტუმრის პოზიტიური შეფასებების მიუხედავად, შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ საჯარო განცხადებებს მიღმა მმართველმა გუნდმა გამაფრთხილებელი გზავნილები მიიღო. ევროკავშირში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და დიდი ბრიტანეთში სანქციების საკითხებზე მომუშავე პირთა პოზიციაა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენება არ ხდება და ქვეყანა ტვირთების მოძრაობას, თუ ფინანსურ სანქციებს მკაცრად აკონტროლებს. განსაკუთრებული აქცენტი იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე კეთდება, რომლებსაც რუსეთი იარაღის საწარმოებლად იყენებს. ხელისუფლება ახლა ბოდიშს ელოდება იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომლებიც თვეებია, საქართველოში ე.წ. შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები დღემდე არ დადებულა, ოპონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი ფაქტები აქვთ, თუმცა სანქციების დაწესებამდე ჯერ დიპლომატიურ ნაბიჯებს მიმართავენ.