ენემო – არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს თბილისსა და რეგიონებში 95 დამკვირვებლით დააკვირდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუიოვიჩი ამ ეტაპზე წინასაარჩევნო გარემოს არ აფასებს და აცხადებს, რომ ენემო-ს წინასწარი ანგარიში არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდება, საბოლოო ანგარიში და რეკომენდაციები კი არჩევნებიდან 2 თვეში გასაჯაროვდება. ენემო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ იმ ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ენემო-ს ანგარიშები მიკერძოებული იქნება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ენემო ობიექტური ვერ იქნება, რადგან ელენე ნიჟარაძე, რომელიც ამ ორგანიზაციის ძირითადი საარჩევნო ექსპერტია, 2020 წელს „სამართლიან არჩევნებს“ ხელმძღვანელობდა და ხმების პარალელური დათვლის შედეგების სკანდალთანაა დაკავშირებული. ენემო-ს მისიის ხელმძღვანელი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ელენე ნიჟარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ენემო-ს სადამკვირვებლო მისიის ნაწილი არ არის და დამკვირვებლის როლს ვერ შეითავსებს.