აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს ქართული ოპოზიციური სპექტრი უარით პასუხობს. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტს ძალაში ტოვებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შესაბამისად, უცვლელია 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში არმონაწილეობის გადაწყვეტილება. ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ამერიკის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები. ოპოზიცია მხოლოდ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავს და ეს მაშინ, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ბოიკოტი უკვე ნანახი ფილმის ყურებაა და მისი მოწოდებაა, ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და საარჩევნო ცვლილებებისთვის ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაონ.
ოპოზიციას პოლიტიკური ჩიხის დაძლევისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმაც. ხელისუფლების ოპონენტებს, ამომრჩევლის ნების პატივისცემის მნიშვნელობა შეახსენა ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდიმ, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს, გაყალბებაზე საუბრობს და შექმნილ ვითარებაში კომპრომისს მმართველი გუნდისგან ელოდება. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის ელჩს ცალკ-ცალკე შეხვდებიან. შეხვედრას, სავარაუდოდ, კელი დეგნანიც დაესწრება.