რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ამერიკა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.
უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი იგზავნება. პარალელურად, დასავლეთი ცდილობს, რუსეთის წინაშე ერთიანი და კოორდინირებული მიდგომების დემონსტრირება მოახდინოს. ამის დასტურია ბაიდენ-მაკრონის ბოლო სატელეფონო კომუნიკაციაც, რომელიც სწორედ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში მისაღებ ერთობლივ ზომებზე საუბარს დაეთმო. საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ძალისხმევა ახლა სწორედ ახალი ომის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილებებმა კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. საკუთარ ულტიმატუმებზე ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მიღებული ოფიციალური უარის მიუხედავად, მოსკოვი საკუთარ მოთხოვნებს დღის წესრიგიდან არ ხსნის.