საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულობა მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულობების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს. ამავე ანგარიშის მიხედვით, 29 სუბიექტის მიერ მიღებული ჯამური შემოწირულობების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი იურიდიული პირების მიერ.