ავთანდილ ენუქიძის შემდეგ, ისარგებლებს თუ არა მოპოვებული საპარლამენტო მანდატით „პატრიოტთა ალიანსის“ სიის რომელიმე წევრი, რომელთაც ჯერ ცესკო-სთვის არ მიუმართავთ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სია გააუქმა, თუმცა როგორც ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, განკარგულებით ირკვევა, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის ჯერ არ მიუმართავს. კერძოდ, გაუქმებულ სიაში არ არიან სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები. დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილება პარტიული სიით რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი პირადი განცხადებების საფუძველზე არის მიღებული. „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილ საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად მითითებულია – გელა მიქაძე, მეშვიდე ნომერი არის ფრიდონ ინჯია და მერვე ნომერი – დავით ზილფიმიანი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია ზუსტად რამდენ წევრს არ მიუმართავს ჯერ ცესკო-სთვის სიიდან ჩახსნის თაობაზე, მისი თქმით, პარტიის ძირითად ნაწილს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, თუკი ვინმე განსხვავებულ პოზიციაზეა, ის ამაზე თავად ისაუბრებს. გოჩა თევდორაძე ერთ-ერთია პარტიის იმ სამ წევრს შორის, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც პარლამენტი 4 იანვარს იმსჯელებს. როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, კომიტეტი სწორედ ორშაბათიდან გეგმავს ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას განცხადებებზე მსჯელობას.
განცხადებები მათ პარლამენტში აქვთ წარდგენილი, სადაც ისინი მანდატების გაუქმებას ითხოვენ.