საქართველოში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები იმყოფებიან და საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავენ.
მთავარი საკითხი, რაზეც ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრება, ეხება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმას გულისხმობს. ექსპერტები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ინფორმაციას ისმენენ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს პარლამენტს და იმ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომელიც ოპოზიციას აქვს ცვლილებებთან დაკავშირებით. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებები პარლამენტმა ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას პირველი მოსმენის შემდეგ გადაუგზავნა და მათი შეფასება პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე დეკემბერში გახდება ცნობილი. ევროპელი ექსპერტების ვიზიტი ორდღიანია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვალაც შეხვდებიან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.