ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის 12 საერთაშორისო ექსპერტი საქართველოშია. პირველი შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა. სადამკვირვებლო მისიის გეგმებზე პრესკონფერენციაზე ილაპარაკა მისიის ხელმძღვანელმა. როგორც ოუენ მერფი ამბობს, ქვეყანაში მყოფ ექსპერტებს 17 სექტემბერს 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შეუერთდება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან წინასაარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, არჩევნების წინა დღით კი საქართველოს კიდევ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეწვევა, რომლებიც უშუალოდ არჩევნების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, პირველ შუალედურ ანგარიშს ეუთო/ოდირი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოაქვეყნებს, სადაც შეფასებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდი, ხოლო საბოლოო ანგარიში არჩევნებიდან ორი-სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. ოუენ მერფი ამბობს, რომ შეფასებისა და დაკვირვების მთავარი პრინციპი იქნება მიუკერძოებლობა.